მესხეთ-ჯავახეთი
ჯავახეთის ზეგანი სოფელი აფნია
აფნია ჯავახეთის ზეგანზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ქარაფის პირას ჩარიგებული ერთ-ერთი სოფელთაგანია. ზღვის დონიდან 1700-1745 მ სიმაღლეზე, ქ. ახლაქალაქიდან 23 კმ მანძილზე, ხერთვის-ოკამის საავტომობილო გზაზე. უპირატესი ეროვნება – ქართველი. შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. XX საუკუნის შუა წლებში აქ გააშენეს ხელოვნური ფიჭვნარები. ამ ადგილს მერენიის ტყე. უწოდეს.
შემორჩენილია დარბაზული ეკლესია და დარბაზული ტიპის ერთდონიანი საცხოვრებელი სახლები.1933 წელს ნ. ბერძენიშვილს მიუკვლევია ოთხკუთხედი ქვა, რომლის ოთხივე მხარეს ქანდაკებები ჰქონია გამოსახული: ფოთლის, ყვავილის, ირმისა და ჯვრის. სოფელში ძველთაგანვე მისდევნენ ტერასულ სოფლის მეურნეობას. როგორც ნ. კეცხოველი წერს “ჯავახეთის სოფლებს აფნიას და გოგაშენს და სხვებს ბაღები ჰქონდათ ვარძიის მიდამოებში, მის პატარა ხევებში და საერთოდ მტკვრის გასწვრივ. ეს ვენახები ფრიად საინტერესონი არიან თავის არქიტექტურით, ბევრი მათგანი ციცაბო კლდეზეა გაშენებული, მაგრამ კლდე ფრიად ოსტატურად არის დატერასებული. ტერასის შუბლი ამოყვანილია ქვის კარგი კედლით. ტერასის უკანა მხარეზე დარ გუ ლია ხეხილი: თუთა, ჭანჭური, ღოღნოშო, ქლიავი, მსხალი, ვაშლი, წინამხარეზე ვაზი – ერთი მწკრივი დაბლარი, მეორე – ხეხილის მწკრივზე (მაღლარი) გაშენებული. ვაზებს შორის ფართობი გამოყენებულია მწვანილის მოსაყვანად, კლდის პირით ტერასამდე მიყვანილია სარწყავი არხი. ეს ერთი-ერთი ტიპია მრავალსართულიანი ბაღ-ვენახბოსტნისა”.
აქაური ეკლესია წმ. მეფე დემეტრე თავდადებულის სახელობისაა. დარბაზული ტიპის შენობა აგებულია XIV საუკუნეში, ძველ ნაეკლესიარზე VIII-IX სს. ადრინდელი ნაგებობიდან შენარჩუნებულია გეგმა, ჩრდილოეთის კედელი და სხვადასხვა ფორმის ერთ ხაზზე ჩარიგებული კარნიზები, რომლებიც ამავე კედელს ასრულებენ. მათი ფორმით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ძველი შენობა VIII-IX საუკუნეების უნდა ყოფილიყო გვიანდელი ეკლესიის მშენებელი ოსტატი მაქსიმალურად სათუთად ეპყრობა ძველ ნაშთს და სულაც არ აწუხებს, რომ მის შენარჩუნებით ეკლესიის სამი ფასადი, XIV საუკუნის შესაბამისად, თლილი კვადრებით არის ნაგები, ხოლო ძველი, ჩრდილოეთის კედელი-უხეშად დამუშავებული მომცრო ბლოკებით. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთდან აქვს. სამხრეთის კარი თაღოვანია, დასაველთის - არქიტრავული. ინტერიერი აღმოსავლეთის და დასავლეთის კედელში გაჭრილი თითო თაღოვანი მაღალი სარკმლით ნათდება. ორივე სარკმელს პროფილირებული საპირეები აქვთ. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია ნაოსისგან მხრებით გამოყოფილი. კონქი პილასტრებზე გადასულ თაღს ეყრდნობა. ნაოსი წყვილი პილასტრითაა გაყოფილი. მათზე გადასული თაღი კამარის საბჯენია. კანკელი ხისაა. საკურთხეველში თანადროული ქვის ტრაპეზი დგას, რომლის ფასადი ჯვრის გამოსახულებითაა შემკული. მასალა - სამშენებლო მასალა ქვა. გადახურვის მასალა თუნუქი ეკლესია დგას სოფლის განაპირას.შიგნიდან ეკლესია შელესილია და შეთეთრებული - იგი ამჟამად მოქმედია. უპრეტენზიოა, თანაც უჩვეულო, დასავლეთი სარკმლის ლილვოვანი საპირე, მასზე გამოკვეთილი დისკოთი. ასე, რომ აფნიის ეკლესიაშიც, როგორც ხალხური ხუროთმოძღვრებისათვის არის დამახასიათებელი, თავისებურად აისახა დროის მოთხოვნები.
XX სუკუნის 30 -იან წლებში ეკლესიის ეზოში ჯერ კიდევ მდგარა კუბური კვარცხლბეკი, რომელზეც გამოსახულებიანი ოთხკუთხა სტელა იდგა, მას ზედა ნაწილი ამოჭრილი ჰქონდა (ალბათ ჯვრის ჩასადგმელად). ადგილობრივთა რწმენით, ვისაც თვალები ასტკივდებოდა, თუ ამ ფოსოში წყალს ჩაასხავდა, ღამე დატოვებდა და მეორე დილით თვალებში ამოისვამდა, სატკივარს ეშველებოდა. სოფლის დასავლეთით, მინდორში მაშინ მეორე მონოლითიც მდგარა. 1595 წელს სოფელი აფნია ახალქალაქის ლივაში ითვლებოდ, აკშეჰირის რაიონში. იქ 35 კომლი ქართველი ცხოვრობდ. ისინი მისდევდნენ მემინდვრეობას, მეფუტკრეობას. ჰქონიათ ბოსტნეული, ახარებდნენ ხილსა და კაკალს, დასახელებულია ვენახი მოძღვარ ბერისა და ვენახი მოლოდინასი. სოფლის გამოსაღები 10000 ახჩა იყო. 1705-1706 წლებში სოფელი აფნია წარმოადგენდა ვინმე ოსმანის საკარგავს(ზეამეთს), რომლისგან მიღებული წლიური შემოსავალი 24499 ახჩა იყო.
აფნიასთან ბაზისი და სტელის ფრაგმენტი, სტელის ბაზისი და სტელის ფრაგმენტები არის ქვის. ბაზისი არის სადა ხოლო სტელის ფრაგმენტზე ამოკვეთილი არის ჯვრის გამოსახულებები. ბაზისი და სტელის ფრაგმენტები მდებარეობენ აფნიიის სამხრეთით მინდორში.
ციხე აფნიის სამხრეთით
პერიოდი:ბრინჯაოს ხანა - ძვ. წ. მე-4-2 ათასწლეულები » რკინის ხანა ძვ.წ. მე-10-6 სს. გვიანბრინჯაოს ხანა-ძვ. წ. მე-16-11 სს.
ციხე მთლიანად დანგრეულია, ნაწილობრივ არის შემორჩენილი 2-3 ქვის წყობა. კედლები ნაგები უნდა ყოფილიყო მასიური ქვებით და მათი სიგანე 1 მეტრამდე უნდა ყოფილიყო. ციხის სამხრეთით მოწყობილი არის საქონლის სადგომი.
ციხე მდებარეობს აფნიის სამხრეთით, ახალქალაქის პლატოს დასავლეთით, მტკვრის ხეობისკენ დაშვებულ ტერასაზე და კონცხზე.
აფნიას ნამოსახლარი
პერიოდი:შუა-რკინის ხანა ძვ.წ. მე-10-6 სს. »შუა საუკუნეები მე-4 – მე-18 სს.
ნამოსახლარზე ნაგებობების კედლები საკმაოდ კარგად არის შემორჩენილი. ნამოსახლარზე შუა საუკუნეების კერამიკის ფრაგმენტებტან ერთად ჩანს ადრეული პერიოდის ფრაგმენტებიც, შესაძლოა შუა საუკუნეების ნაგებობების ქვეშ იყოს ადრეული პერიოდის ნამოსახლარიც. ნაგებობების კედლები ნაგებია არის ქვით და მათ შორის სივრცეები ქუჩებს ქმნის.
ნამოსახლარი მდებარეობს სოფ. აფნიის სამხრეთ კიდეში.
გულქანის წარწერა
პერიოდი:შუა საუკუნეები მე-4 – მე-18 სს.. » განვითარებული შუა საუკუნეები მე-10-მე-15 სს..